Header Ads

ევრო 2016. 1/8-ფინალი. იტალია-ესპანეთის წინ: ევრო 2012-ის ფინალი მერვედფინალში


დღეს "სტად დე ფრანსზე", ყველანაირი ლოგიკით, ევრო 2016-ის პლეი ოფის I რაუნდის მშვენება უნდა გაიმართოს - პირველად ამ ტურნირზე, ერთმანეთს ორი აშკარა ფავორიტი ხვდება და ერთ-ერთი შინ გაწბილებული უნდა წავიდეს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მატჩი წინა ჩემპიონატის ფინალის რემატჩია - მაშინ, ოთხი წლის წინათ, "ფურია როხამ", რომელსაც მაშინაც ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა, 4:0 აჯობა "სკუადრა აძურას" და 2008 წელს მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. ახლა კი ესპანეთის ნაკრებს გულში ამოუჭრია საოცრად ძნელად შესასრულებელი მიზანი - ზედიზედ მესამედ იბატონოს ევროპაზე. ამისთვის კი ანტონიო კონტეს დიდებული გუნდის დამარცხებაა საჭირო.

გუნდებში მხოლოდ ერთი საკადრო პრობლემაა, კანდრევა დამტვრეულია და იტალიელებს, დიდი ალბათობით, მის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა. აი, მარკიზი დელ ბოსკე კი არ აპირებს მისთვის ჩვეული 11-ეულის შეცვლას. 

ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატებზე 15 მატჩი არ ჰქონდა წაგებული და ეს სერია ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ხორვატიამ დაასრულა. ამით ესპანეთი მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა და ბადის გაცილებით რთულ მხარეს მოუწევს თამაში, ამ გუნდებში გამარჯვებულს ხომ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ელის. 

ახლა შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს, მაგრამ სანამ ესპანეთის ნაკრები ევრო 2008-ზე (თანაც, პენალტების სერიაში) მოუგებდა იტალიას, ეს გუნდი ოფიციალურ თამაშებში 74 წლის განმავლობაში არ ჰყავდა დამარცხებული! 

სულ იტალია და ესპანეთი 34-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სრული თანაფარდობაა - გუნდებმა 10-10 მოიგეს, ხოლო 14 მატჩი ფრედ დასრულდა. 

ბოლოს ისინი ერთმანეთს უდინეში დაუპირისპირდნენ, სადაც მარტში 1:1 ითამაშეს - ლორენცო ინსინიეს გოლს გოლითვე არიც ადურისმა უპასუხა. 
მატჩის წინ
ანტონიო კონტე (იტალია): "ძალიან ვაფასებთ ჩვენს მეტოქეს - ესპანეთის ნაკრებს. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. მეტოქე ევრო 2016-ის მოგების ფავორიტებშია. ამის მიუხედავად, ჩვენ მოვემზადეთ, ვიშრომეთ და ამიტომ მეტოქეს 
არ ვუფრთხით. ხვალ ერთ-ერთი გუნდისთვის ყველაფერი მერვედფინალში დასრულდება და ჩვენ არ გვსურს, რომ ის გუნდი ჩვენ ვიყოთ. 

ყველა ლაპარაკობს იტალიის ნაკრების თამაშზე დაცვაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ესპანელებს აშფოთებთ ჩვენი თამაში, რადგან ის მარტო დაცვა არ არის, შეტევაცაა. ჩვენ შეგვწევს ძალა, შოკი მოვახდინოთ და გავიმარჯვოთ. მე არ მსურს სახლში დაბრუნება, არც ბიჭებს უნდათ ეს. მოდი, ასე ვთქვათ - ესპანეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ ჩვენზე უკეთესია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში წასვლა მას მოუწევს, ჩვენ კი დავრჩებით". 

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი): "ბოლო ევროპის ჩემპიონატზე პირველად იტალიას ვეთამაშეთ. ისინი უკეთ გამოიყურებდნენ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ფრე ვითამაშეთ. ამას კი მოჰყვა ჩვენი შეხვედრა ფინალში, სადაც ჩვენ ულაპარაკოდ მოვიგეთ. არადა, ამ ორ მატჩს შორის ბევრი არაფერი შეგვიცვლია, მაგრამ შედეგი სხვადასხვა იყო. 

რა თქმა უნდა, მწვრთნელები მზად უნდა იყვნენ ცვლილებებისთვის, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგვჭირდეს. შემადგენლობა გარკვეულია. ახლა ამ შემადგენლობამ ისე უნდა ითამაშოს, როგორც დავსახეთ". 

27 ივნისი. სენ დენი. "სტად დე ფრანსი"იტალია-ესპანეთი 20:00დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კანდრევა? (იტალია)
იტალია (სავარაუდო): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ფლორენცი, პაროლო, დე როსი, ჯაკერინი, დარმიანი - პელე, ედერი
ესპანეთი (სავარაუდო): დე ხეა - ხუანფრანი, პიკე, ს. რამოსი, ალბა - ბუსკეტსი, ფაბრეგასი - სილვა, ინიესტა, ნოლიტო - მორატა
მსაჯი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"